English / ქართული / русский /
რევაზ გველესიანი
ეკონომიკური პოლიტიკის მიზნების ოპერაციონალიზება და მათი ურთიერთდამოკიდებულების შეფასება

ანოტაცია. ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემების იდენტიფიცირება გულისხმობს მიზნების ოპერაციონალიზების შესაძლებლობას. მას შემდეგ, რაც დადგენილია მიზნების ოპერაციონალიზების შესაძლებლობა, ხდება მათი მიღწევის დონეების განსაზღვრაც. სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვაძლევს როგორც პრობლემათა გადაჭრის კონკრეტული მცდელობის, ასევე მიღწეული შედეგების კონტროლის საშუალებას. 

მიზანს მრავალი განზომილება აქვს, ამიტომ შესაძლებელი ხდება ისეთი პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მიზანს უკავშირდება. შეიძლება კონკრეტული მიზანი თავისი თვისებებით ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან გაზომვას დაქვემდებარებული ურთიერთობების კონტექსტში გვეძლეოდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისი ოპერაციონალიზების შესაძლებლობას. აუცილებელია, რომ მიზნის მახასიათებლები გაზომვადი და აგრეგირებადი იყოს. მეორე მხრივ, აუცილებელია იმ მნიშვნელობის დადგენა, რომელიც მათ ასეთი აგრეგაციით ენიჭება.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები, მიზნების ოპერაციონალიზება, მიზანთა ურთიერთდამოკიდებულების შეფასება, მიზნების იდენტურობა, მიზნების თავსებადობა, მიზანთა კონფლიქტი.

შესავალი

ეკონომიკური პოლიტიკის მიზნების ოპერაციონალიზების პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, თუ რა პოზიციაზეა ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილების გამტარებელი ეკონომიკისა და საზოგადოების ფორმირებისა და განვითარების პროცესებთან მიმართებაში (Kirsch, 1977, გვ. 612): მოთხოვნისა და ცოდნის მიხედვით აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება გადაწყვეტილების გამტარებლისაგან მოითხოვს, რომ მას ჰქონდეს ოპერაციონალიზებული მიზნები (ალოპლასტიკური პოლიტიკა), ხოლო ეკონომიკასა და საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებთან რეაქტიული შესაბამისობა გულისხმობს ღია და ნაკლებად ოპერაციონალიზებულ მიზნებს (ავტოპლასტიკური პოლიტიკა) [Streit, 2005, გვ. 278].  

რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ალოპლასტიკურობასა და ავტოპლასტიკურობას შორის შუალედური პიზიცია უკავია, დამოკიდებულია იმაზე, თუ:

  • მართვის რა უნარ-ჩვევები აქვს ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელს, რომელთა საფუძველზეც იგი შეძლებს სამომავლო მოქმედების შესაძლებლობათა (დაგეგმვას) შეფასებას;
  • რას ფიქრობს გადაწყვეტილების გამტარებელი ინოვაციათა შესახებ. მიაჩნია თუ არა მას, რომ ინოვაციები, სულ მცირე, ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენს განსაზღვრულ მიზნებზე;
  • რას უნდა გაუწიოს ანგარიში  ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელმა იმ შემთხვევაში, თუ ა) გადაწყვეტილების ფორმირების მისეული მცდელობა მარცხით დასრულდება და ბ) მასთან დაკავშირებული დანახარჯების კომპენსირების შესაძლებლობაც გამორიცხული იქნება. 

ეკონომიკური პოლიტიკის მიზნების ოპერაციონალიზების პრობლემა 

მიზანშეწონილია ოპერაციონალიზების პრობლემა პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკის მიზანთა საშუალებით განვსაზღვროთ. შინაარსის მხრივ ტიპურია „შემოსავლებისა და სიმდიდრის უფრო სამართლიანი განაწილების“ მიზანი. საკმაოდ მრავალმნიშვნელოვანია ალტერნატივები, რაც გულისხმობს სამართლიანობის ორად დაყოფას: სამართლიანობა წვლილის (დამსახურების) და მოთხოვნილებისმიხედვით. ამიტომაც, შემოსავლებისა და სიმდიდრის განაწილების შესახებ შეხედულებები სხვადასხვა მიზნობრივი შეფასებების ფორმით ყალიბდება. პრაქტიკული მიზანი _ „უფრო სამართლიანი განაწილება“ _ იმ განსხვავებათა საფუძველზე აიხსნება, რომლებიც უკვე არსებობს ეკონომიკურ აგენტებს შორის შემოსავლებისა და ქონების განაწილების სახით. შესაძლებელია, რომ დაკვირვებების საფუძველზე ჩამოყალიბებულმა ვერც ერთმა მოსაზრებამ სრულყოფილად ვერ განსაზღვროს ყველასთვის სასურველი სამართლიანობის ფორმა. ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რაც უფრო ნაკლებად არათანაბრადააგანაწილებული შემოსავლები და ქონება, მით უფრო სამართლიანიაამგვარი განაწილება [Streit, 2005, გვ. 276-277].

მიზნის მრავალმნიშვნელოვანმა განსაზღვრამ და მასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შესაძლებელია თავი იჩინოს იმაში, რომ მაგ., დასაქმების მიზანი აიხსნას „დასაქმების მაღალი დონის“ მიღწევის მიხედვით. მაგრამ საქმე ის არის, რომ დასაქმების დონის ზუსტი მაჩვენებლის დასადგენად (მისი სტრუქტურული ცვლილების გათვალისწინებით) უნდა ვიცოდეთ თუ როგორ ფუნქციონირებს დასაქმების ბაზრები და რამდენად არიან ან იქნებიან ისინი გაჯერებული. ამ მიზნებთან დაკავშირებით გამოცდილება შესაძლებელია შეცდომის  წყაროდ იქცეს.  

 კონკურენტულ მიზნებს შორის კომპრომისი ძნელად მიიღწევა ისეთ ფენომენთან მიმართებაშიც, როგორიცაა„სტაბილური და თანაბარზომიერი ეკონომიკური ზრდის“ უზრუნველყოფა. სახელმწიფოში თანაბარზომიერი ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია სხვა მიზნებზე, რომლებსაც საქმე აქვს სწორედ ზრდის „ხარისხის“ განსაზღვრასთან. ამ შემთხვევაში სხვა მიზნების მიღწევაზე დანახარჯები ეკონომიკური ზრდის ალტერნატიულ დანახარჯებს წარმოადგენს. ახალი მიზნის განსაზღვრისათვის კი აუცილებელი იქნებოდა ახალ-ახალი კომპრომისები. მიზანთა კონფლიქტი, რომელიც ყოველთვის ეკონომიკურ ინტერესთა კონფლიქტთანაა დაკავშირებული, მოითხოვს გარკვეულ სიზუსტეს ამ მიზნების შინაარსის თვალსაზრისით.  

 ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებს შორის ვერტიკალური ურთიერთდამოკიდებულების გარდა შესაძლოა ისინი სხვა მიზნების მიღწევის  საშუალებებადაც გამოიყენებოდეს. რაც შეეხება ჰორიზონტალურ მიზანდამოკიდებულებებს, ისინი ლოგიკური ბუნებით ხასიათდებიან ან საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ გვერდითი მოვლენების შედეგებს წარმოადგენენ და ტექნოლოგიურ და ემპირიულ ხასიათს ავლენენ. ამ მიზანთა ლოგიკური ურთიერთობებია: იდენტურობა; თავსებადობა ან/და არათავსებადობა (ანტინომია). ტექნოლოგიური ხასიათი აქვთ: კომპლემენტარულობას (ჰარმონია); დამოუკიდებლობასა (ნეიტრალურობა) და კონკურენციას (კონფლიქტი) [Streit, 2005, გვ. 278].  

 მიზანდამოკიდებულებათა ლოგიკური ანალიზი მოცემულია დებულებებში, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება მიზნების შინაარსობრივი დახასიათება. იდენტურობის შესაძლებლობასთან საქმე გვაქვს მაშინ, როცა ანალიზი გვიჩვენებს, რომ ორი ან მეტი მიზანი ერთმანეთისაგან  შინაარსობრივად არ განსხვავდება. ასე რომ, უმუშევრობის თავიდან აცილება და სრული დასაქმება შესაძლებელია იდენტურ მიზნებად განვიხილოთ. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან მხოლოდ სხვადასხვა  მიდგომის საფუძველზე. ოპერაციონალიზების ასპექტით შინაარსობრივი  განსხვავება არც „ცხოვრების სტანდარტის აწევის“ მიზანსა და „რეალური შემოსავლების მაღალი და მუდმივად მზარდი დონის“ მიღწევის მიზანს შორის არსებობს. „ფულის ღირებულების სტაბილურობა“ და „ინფლაციისა და დეფლაციის თავიდან აცილება“ შინაარსობრივად იდენტური მიზნებია. ასე რომ, ის ტაქტიკური განსხვავებები, რომლებიც ამ ტერმინებს უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიების შედეგია [გველესიანი, გოგორიშვილი, 2018, გვ. 92].

თავსებადობა გვიჩვენებს თუ რამდენად წინააღმდეგობრივია  დებულებები, რომლებიც მიზნებს გამოხატავს მაგ., თავსებადია ფასების დონის სტაბილურობა და დასაქმების მდგომარეობა. არათავსებადობასთან (ანტინომია) საქმე გვაქვს მაშინ, როცა ერთი მიზანი მეორე მიზნის საწინააღმდეგო შინაარსისაა და მის უარყოფას გულისხმობს. ასეთი წინააღმდეგობის პრაქტიკული შედეგია ის, რომ არც ერთი  და არც მეორე მიზნის რეალიზება არ არის შესაძლებელი. ლოგიკურად არათავსებადია ავტარკია (საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების არარსებობა) და შრომის საერთაშორისო დანაწილების უპირატესობებით სარგებლობა. რამდენიმე მიზნის ერთდროულად განხორციელების შესაძლებლობის წინაპირობა სწორედ მათი ლოგიკური თავსებადობაა. თუმცა ასეთი მცდელობა მარცხით სრულდება, როგორც კი მოვინდომებთ კონკრეტული საშუალებებით მათ ერთდროულ რეალიზებას. ამ შემთხვევაში ერთ მიზანთან მიახლოვება დანაკარგებს იწვევს სხვა მიზნებთან მიმართებაში (კონკურენცია, მიზანთა კონფლიქტი). იგივე უნდა ითქვას ფასების სტაბილურობის დონესა და დასაქმების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან, ვნახავთ რომ მიზანთა კონფლიქტს ის ტექნოლოგიური დამოკიდებულებები წარმოშობს, რომლებიც მაკროეკონომიკური ასპექტით მიზნებსა და საშუალებებს შორის არსებობს.

რაც შეეხება დამოუკიდებლობას (ნეიტრალურობა), იგი შესაძლებელია მხოლოდ სხვა მიზნებისაგან განყენების საფუძველზე. მაგრამ მას უპირისპირდება ეკონომიკური მოვლენების ურთიერთდამოკიდებულება. რაც უფრო მეტია მიზეზშედეგობრივად განპირობებული მოვლენებისა და ურთიერთდაკავშირებული მიზნების რაოდენობა, მით უფრო იზრდება არანეიტრალური დამოკიდებულებების ალბათობა. ურთიერთდაკავშირებული მიზნების არსებობა კი იმ გვერდითი მოვლენების შედეგს წარმოადგენს, რომელსაც სხვადასხვა საშუალებების გამოყენება იწვევს. უმუშევრობის შემცირებისა და წარმოების მოცულობის ზრდის შემთხვევაში დასაქმება და ეკონომიკური ზრდა კომპლემენტარულ (ურთიერთშემავსებელ) მიზნებად გვევლინება კომპლემენტარულობის შესახებ შესაძლებელია მხოლოდ იმ მიზნებთან მიმართებაში ვისაუბროთ, რომლებიც სხვა მიზნების მიღწევის საშუალებებად არ გამოიყენება. 

ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებს შორის კონკურენტული ურთიერთობის

შეფასების პრობლემა 

მიზნებს შორის კონკურენცია (კონფლიქტი) შეფასების პრობლემას უკავშირდება, რაც აძნელებს ეკონომიკურ პოლიტიკაში  გადაწყვეტილებათა მიღებას.  ორ კონფლიქტურ მიზანს შორის ურთიერთობის პირობებში საქმე ეხება მათ შორის მაქსიმალური კომპრომისის მიღწევას. თუ არ გავითვალისწინებთ ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მაშინ მიზნების რეალიზების ხარისხის თვალსაზრისით ოპტიმალური იქნებოდა  კომბინაცია, რომლის დროსაც ამ მიზანთაგან ერთ-ერთთან მიახლოება უფრო მეტ სარგებლობას მოგვიტანდა იმ ალტერნატიულ ხარჯებთან შედარებით, რაც დაკავშირებული იქნებოდა ნებისმიერი სხვა მიზნის მიღწევასთან.

მიზანთა ასეთი კონფლიქტის მაგალითზე ვივარაუდეთ, რომ ფასების სტაბილურობასა და დასაქმების მაღალ დონეს შორის ურთიერთკავშირი არსებობს, თუ მხედველობაში მივიღებთ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პოლიტიკის კონვენციონალურ ინსტრუმენტებს (Samuelson, Solow, 1960). მიზანთა შორის განსხვავებიდან გამომდინარე ფასების დონის ზრდის შემცირების თვალსაზრისით მხედველობაში უნდა მიგვეღო უმუშევრობის დონის ზრდა. ფიქსირებული სავალუტო კურსის შემთხვევაში დასაქმების მაღალ დონეს, ფასების სტაბილურობასა და საგარეო ეკონომიკურ წონასწორობას შორის დამოკიდებულება გამოიხატება „მაგიური სამკუთხედით“, მაგრამ ამ მიზნებიდან ორი მაინც რეალიზებადი უნდა იყოს.

ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებს შორის ასეთი კონკურენტული (კონფლიქტური) ურთიერთობების მიზეზი ცნობილი გახდება, როდესაც დავადგენთ: 1. თუ რამდენი ინსტრუმენტის გამოყენებაა შესაძლებელი მიზნის მისაღწევად; 2. მიზანთა კომპლექსის განსახორციელებლად როგორ ხდება ინსტრუმენტების გამოყენება მართვის არსებული უნარ-ჩვევების პირობებში; 3. რა გვერდითი მოვლენების პირობებში მიმდინარეობს მიზნის რეალიზება [გველესიან, გოგორიშვილი, 2018, გვ. 93].

მიზანთა კონფლიქტის პირველი მიზეზი ის შეუსაბამობაა, რაც დასახულ მიზანსა და მისი მიღწევის საშუალებებს შორის არსებობს. მაგ., როდესაც მოცემულია ორი მიზანი და ერთი საშუალება და ამ უკანასკნელის გამოყენებას ერთ–ერთი მათგანის მიმართ ორივე მიზნისათვის უარყოფითი გვერდითი შედეგი მოაქვს. ამ შემთხვევაში უარყოფითი გვერდითი შედეგების კომპენსირება სხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხდება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სწორი რაოდენობრივი თანაფარდობა მიზნებსა და საშუალებებს შორის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების საწინდარი იყოს.  წარუმატებლობას ხშირად ხელს უწყობს როგორც ინსტრუმენტების შეზღუდული რაოდენობა, ასევე გაურკვევლობა გვერდითი მოვლენების ზეგავლენის შედეგებთან დაკავშირებით.

მიზანთა კონფლიქტები (ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით) მაშინაც წარმოიშობა, როცა უზრუნველყოფილია რაოდენობრივი თანაფარდობა მიზნებსა და საშუალებებს შორის. საქმე ის არის, რომ მართალია ეკონომიკურ პოლიტიკაში  გადაწყვეტილების გამტარებელი წინასწარ ვარაუდობს იმას, თუ რა ზეგავლენა ექნება მიზანზე მის მიერ ინსტრუმენტების გამოყენებას, მაგრამ თავიდან შეუძლებელია იმის გათვალისწინება შეძლებს თუ არა იგი სხვა მიზანთა რეალიზების დონის ფაქტობრივ გაკონტროლებასაც. ეს პრობლემა თვალსაჩინო გახდება დასაქმების მაღალ დონესა და ფასების სტაბილურობას შორის დამოკიდებულების მაგალითზე, როცა ორივე მიზნის რეალიზებას მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტებით ვცდილობთ. მაკროეკონომიკური თეორიის მიხედვით, როგორც ერთი, ისე მეორე ერთობლივი მოთხოვნის მართვის მიზნით გამოიყენება. თეორიული ასპექტით სრულიად მარტივი რამ იგულისხმება: შრომის მწარმოებლურობაზე მოთხოვნა და მიწოდება განსაზღვრავს ხელფასის დონეს. სახელფასო დანახარჯები ზეგავლენას ახდენს ფასწარმოქმნასა და შემოსავლებზე, ორივე ერთად კი – ერთობლივი მოთხოვნის ჩამოყალიბებაზე. შრომის მწარმოებლურობაზე მოთხოვნა  საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის საფუძველზე წარმოიქმნება. მაგრამ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საშუალებით ისე უნდა ფასდებოდეს, რომ ჩვენთვის გასაგები გახდეს: 1. თუ რა მდგომარეობაა შრომის ბაზარზე და 2. როგორ ხდება მის საფუძველზე ხელფასის ზრდა, რაც, თავის მხრივ, თავსებადი უნდა იყოს ფასების დონის სტაბილურობასთან. ამავე დროს საქონელსა და მომსახურებაზე დოზირებულმა ერთობლივმა მოთხოვნამ უნდა მოაწესრიგოს (დაასტაბილუროს) მიმწოდებლის საფასო პოლიტიკა [გველესიანი, გოგორიშვილი, 2018, გვ. 93-94].

დასაქმების მდგომარეობა და ფასების სტაბილურობის დონე იძლევა იმის ახსნის საშუალებას, თუ რატომ წარმოიშობა გვერდითი პირობების საფუძველზე კონკურენტული ურთიერთობების შესაძლებლობა. როგორც ითქვა, კონფლიქტის  მოსალოდნელობა ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარეობს, რომ ორივე ინსტრუმენტი გავლენას ახდენს მოთხოვნაზე, მაშინ როცა მიწოდების დისპოზიციები კერძო პირთა დამახასიათებელი მოვლენა ხდება. საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლები უშუალოდ შეფერხებას არ განიცდიან იმ მხრივ, რომ განაწილების კონფლიქტის  ფარგლებში ფასებისა და ხელფასის ზრდის ისეთი ღონისძიებები განახორციელონ, სტაბილიზაციის ინტერესებს რომ ეწინააღმდეგება. პირიქით ცდილობენ, რომ საბაზრო ძალაუფლებისათვის დამახასიათებელი დაპირისპირებანი მოთხოვნის შემცირების საშუალებით ფასების სტაბილურობის მიღწევის სასარგებლოდ შეასუსტონ. ამ პროცედურამ  შესაძლებელია ისეთი სახე მიიღოს, რომ  მის საფუძველზე თავისუფალი ფასწარმოქმნისა და სატარიფო ავტონომიის გვერდითი პირობებიც კი შესრულდეს. მიზნებს შორის კონკურენციის შესუსტება თუ მისი თავიდან აცილება ამ პროცედურის გაუქმების გარეშე მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ გამოყენებული იქნება ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც ამ პროცესში მიმწოდებელსაც ჩართავს. სხვას არაფერს ნიშნავს შემოსავლების პოლიტიკისათვის ქმედუნარიანობის მინიჭება; მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ  მოხდება ეს: საინფორმაციო პოლიტიკის  თუ  ნებაყოფლობითი  თანხმობის საფუძველზე. ასეთი ძალისხმევა იქიდან გამომდინარეობს, რომ თვითონ მიმწოდებლებს აქვთ შესაძლებლობა, რელევანტური ეკონომიკურ-პოლიტიკური მონაცემები გააანალიზონ და ერთმანეთთან  ითანამშრომლონ [გველესიანი, გოგორიშვილი, 2018, გვ. 95]. 

დასკვნა 

მაქსიმალური ოპერაციონალიზება მოითხოვს, რომ გაზომვადი და მრავალგანზომილებიანი მიზნების შემთხვევაში, ეკონომიკური პოლიტიკის მიზნის დეფინიციის აგრეგირებადი მახასიათებლები რაც შეიძლება სრულად გამოხატავდეს მიზნის შინაარსს. აქედან გამომდინარე, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი გაზომვაში სხვაობა ანუ განსხვავება მიზნის შინაარსსა და გაზომვის დადგენილ სტანდარტს შორის.

გაზომვაში სხვაობის მიზეზებია: 1. მიზნის შინაარსის მრავალმნიშვნელოვნება და აქედან გამომდინარე სხვადასხვა სტანდარტის არსებობა; 2. სტანდარტის დადგენასთან დაკავშირებული სიძნელეები, რომლებიც აუცილებლად წარმოიშობა მიზნის შინაარსის მახასიათებლების დადგენისას. 3. არა მარტო დასაშვებია ორივე მიზეზის კომბინაციები, არამედ, როგორც წესი, სწორედ ასეთ კომბინაციებს ვხვდებით ხოლმე. გაზომვაში სხვაობებს ისინიც ითვალისწინებენ, ვინც გარკვეულ მიზნებს ისახავს ან ამ მიზნების შესაბამისად მოქმედებს. ასეთი ვითარებაა, როდესაც: მიზნები ეკონომიკური პოლიტიკის  კონცეფციებიდან გამომდინარე საყოველთაო და გრძელვადიან პრინციპებს ემყარება და იმ საზღვრებს ხვდება, რომელებშიც პრაქტიკული პოლიტიკა ხორციელდება. კომპრომისი კონკურენტულ მიზნებს შორის წინასწარ არის შეზღუდული და შეუძლებელია მიზნის შინაარსთან დაკავშირებით ეკონომიკურ ინტერესთა ჯგუფების სრულყოფილი გაერთიანება.

ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებს შორის ლოგიკური ურთიერთდამოკიდებულება გულისხმობს მათ იდენტურობას, თავსებადობას ან/და არათავსებადობას (ანტინომიას); ტექნოლოგიური ხასიათი აქვთ კომპლემენტარულობას (ჰარმონიას), დამოუკიდებლობას (ნეიტრალურობას) და კონკურენციას (კონფლიქტს). 

გამოყენებული ლიტერატურა 

1.BOEHM, E. (1966), Privatrechtsgesellschaft und Marktwrstchaft Ordo 17, S.75-151. p. 80 

2.BOULDING, K.E. (1962), Knowledge as a Commodity; wiederabgedruckt in ders. (Hrsg.): Beyond Economics – Essays on Society, Religion, and Ethics, Ann Arbor 1968, p.141-150

3.DAHL, R.A. (1963), Die politische Analyse (Uebersetzung von ,,Modern Political Analysis,’’ Englewood Cliffs), Muenchen 1973, p. 62.

4.HAYEK, F.A. (1960), The Constitution of Liberty, Neudruck, London u.a. Wiederabdruck in: BOSCH, A. und R. VEIT Hrsg.), Hayek Gesammelte Schriften Bd. B3, Die Verfassung der Freiheit, Tuebingen 2005, p.134.

5.HAYEK, F.A. (1979), Law, Legislation and Liberty, Volume III – The Political Order of a Free People, Chicago, London, Wiederabdruck in: VANBERG, V. (Hrsg.), Hayek Gesammelte Schriften Bd. B4, Recht, Gesetzgebung und Freiheit, Tuebingen 2003. p. 128.

6.HAYEK, F.A. (2003), Rechtsordnung und Handelnsordnung, in: STREIT, M. E. (Hrsg.), Hayek Gesammelte Schriften Bd. A4, Rechtsordnung und Handelnsordnung, Tuebingen. p. 217.

7.HAYEK, F.A. (2004), Der Weg zur Knechtschaft, in: STREIT, M. E. (Hrsg.), Hayek Gesammelte Schriften Bd. B1, Tuebingen.

8.JONAS, H. (1979), Das Prinzip Verantwortung, Nachdruck, Frankfurt a. M, 2003. p.294; 393.

9.KIRSCH, G. (1977), Technischer Fortschrift III – Foerderung durch die oeffentliche Hand, in: Handwoerterbuch der Wirtschaftswissenschaft, Bd. 7, Stuttgart, New York, S.609-620.

10.MESTMAECKER, E.-J. (1975), Wirtschaftsordnung und Staatsverfassung; in ders. und H. SAUERMANN (Hrsg.): Wirtschaftsordnung und Staatsverfassung (Festschrift fuer Franz Boehm zum 80. Geburtstag), Tuebingen, p.383-419).

11.MILL, J.S. (1859), On Liberty; in ders.: Utilitarism, Liberty, Representative Government, neuausgabe, hrsg. v. H. B. ACTON, London 1972, p. 75.

12.SAMUELSON, P.A. und R. M. SOLOW (1960), Analytical Aspects of Anti-Inflation Policy. American Economic Review 50, Papers and Proceedings, p. 177-194.

13.STREIT, M. E. (2005), Theorie der Wirtschaftspolitik, 6. Auflage, Stuttgart, S. 276-277; 278.

14.WEBER, M. (1921), Wirstchaft und Gesellschaft, 5. rev. Aufl., Studienausg., Nachdruck, Tuebingen, 2002. p. 28.

15.Gvelesiani R., Gogorishvili I. (2014), The Basic Problems for the Realization of the Concept of Economic Policy. XII International Conference on Economics and Management, International Science Index, Vol. 8. No 11; November 10-11, Madrid, Spain, p. 532-535.

16.Gvelesiani R. (2015), The Influence of Interest Groups on Economic Policy and Its Contradictory Results, Journal of Academy of Business and Economics, IABE, Volume 15, № 2, ISSN: 1542-8710, Roma Tre University, Italy, Editor: South Stockholm University, Sweden, p.35-40.

17.Gvelesiani R. (2017), Social inequality – The revealing form of conflicts among the main societal values, Journal of International Management Studies (JIMS), Volume 17, #1, ISSN: 1930-6105, University of Sassari, Italy, Editor: Trinity Western University, Canada, p.59-64.

18.Gvelesiani R. (2016), Individuals and Economic Group’s Interests and Behaviour in the Economic and Political Decision-making Process, European Journal of Business Research (EJBR), IABE, Volume 16, №1,. ISSN: 1945-2977, University of Pisa, Italy, Editor: Johannes Kepler University Linz, Austria, p. 97-103.

19.გველესიანი რ., გოგორიშვილი ი. (2018), გადაწყვეტილებების მიღების ტექნოლოგია ეკონომიკურ პოლიტიკაში, გამომცემლობა „უნივერსალი,“ თბილისი, გვ. 92, 93-94; 95.

20.gvelesiani რ., (2012), sazogadoebis ekonomikuri interesebis ierarqiaSi arsebuli winaaRmdegobebis daZlevis gzebi, samecniero-popularuli Jurnali, Tsu mecniereba, Tbilisis universitetis gamomcemloba, gv. 60-63.

21.gvelesiani რ., (2013), ekonomikuri Tavisuflebis sazRvrebis mniSvneloba interesTa konfliqtebis daZlevaSi, II saerTaSoriso samecniero-praqtikuli konferenciis ,,bioekonomika da soflis meurneobis mdgradi ganviTareba’’ masalebi, Tbilisi, gv.128-132.

22.გველესიანი რ., (2019), ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებისა და მათ განსახორციელებლად მიღებული გადაწყვეტილებების თავსებადობის პრობლემა, ჟურნ. „გლობალიზაცია და ბიზნესი,“ N7, თბილისი, გვ.32-38.

23.გველესიანი რ., (2019), ეკონომიკური ინტერესების კონფლიქტი - ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულებების წინააღმდეგობრივი ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენის ფორმა, IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ მასალები, თსუ გამომცემლობა, თბ., გვ.49-55.